X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე - წყლის სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ადეკვატური სატარიფო პოლიტიკა და კომპანიის ფინანსური გაჯანსაღება

11 თებერვალი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ მონაწილეობა მიიღეს „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის“ დასკვნით პანელურ დისკუსიაში. ღონისძიებაზე, რომელიც კომპანია Georgian Water and Power-ისა (GWP) და წყლის საერთაშორისო ოპერატორ Aqualia-ს მხარდაჭერით იმართება, მთავარი ყურადღება საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკის ურთიერთკავშირს დაეთმო.

პანელური დისკუსიისას მინისტრმა წყლის სექტორის ფინანსური მდგრადობისა და ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მართვაში არსებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დღემდე 2011 წელს დადგენილი ტარიფით საქმიანობს, რაც ვერ ფარავს საოპერაციო ხარჯებს და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ სუბსიდირებას. კომპანიის გამართული ფუნქციონირებისთვის და სექტორში დაგეგმილი 3 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის ეფექტიანობისთვის აუცილებელია რელევანტური ტარიფის დადგენა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია სატარიფო პოლიტიკის სწორად წარმართვა, რათა შექმნილ ინფრასტრუქტურას სათანადო საოპერაციო მექანიზმიც თან ახლდეს და პროცესების მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი. ამისათვის, მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს ოფიციალური განაცხადის გაკეთებას ტარიფის გადახედვის მიზნით, რათა 2027 წლისთვის სერვისის მიწოდების შესაბამისი, ადეკვატური ფასი დადგინდეს.

რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ დაბალი ტარიფი ხშირად წყლის უყაირათო მოხმარებასა და ფინანსურ დანაკარგებს იწვევს. მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მომხმარებლებს, რომ წყალი შეზღუდული რესურსია და მისი რაციონალური გამოყენება გარემოს დაცვისა და მომხმარებლის ინტერესების წინაპირობაა.

მისივე თქმით, სამომავლო პერსპექტივაში განიხილება წყალმომარაგების სფეროში კერძო სექტორის შემოყვანა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის, თუ სხვა მოდელების დანერგვა, რაც მხოლოდ საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნისა და კომპანიის გაჯანსაღების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

პროცესის წარმატებისთვის მინისტრმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ადგილობრივი ხელისუფლების როლი მოსახლეობის ინფორმირებაში, რათა მათ ჰქონდეთ მზაობა ახალი ინფრასტრუქტურის პარალელურად შესაბამისი სერვისის საფასურის გადახდისთვის.

„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ინვესტირების გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია გარანტია, რომ შექმნილი ინფრასტრუქტურა იქნება სიცოცხლისუნარიანი. კომპანიის ფინანსური გაჯანსაღება და ადეკვატური ტარიფი არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ პროცესებს სწორად წარმართავს“ - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

პანელურ დისკუსიაში, ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, რომელმაც ისაუბრა გლობალურ სატარიფო მოდელებსა და მათ მისადაგებაზე ადგილობრივ რეალობასთან. თავის პრეზენტაციაში მან ხაზი გაუსვა სასმელი წყლის დანაკარგების და აღრიცხვიანობის როლს მის რაციონალურ გამოყენებაში, ისაუბრა ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დღევანდელ საქმიანობაზე და წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების  დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.